„აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ წარდგენილმა პროექტმა დაფინანსება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსში მოიპოვა.
ერთკვირიან სეზონურ სკოლაში კონკურსის საფუძველზე შერჩეული 45 ახალგაზრდიდან, 25 მაგისტრანტი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული უნივერსიტეტების სტუდენტები წარმოადგენდნენ. პროგრამაში „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან“ ერთად, ბათუმის, ქუთაისის, სამცხე-ჯავახეთის, გორის და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამის ის სტუდენტები მონაწილეობდნენ, რომლებიც განათლების ან პედაგოგიკის მიმართულებით სწავლობენ. პროგრამას უძღვებოდნენ ქართველი და უცხოელი პედაგოგები. პროგრამაში ჩართული 45 ახალგაზრდისთვის სწავლა, განთავსება და კვება საგრანტო პროგრამის ფარგლებში სრულად დაფინანსდა.
სეზონური სკოლის მიზანი განათლების სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდების მეცნიერებაში მოზიდვა, კვალიფიკაციის ამაღლება, კვლევის მეთოდებში დატრენინგება, ტრანსფერული უნარ-ჩვევების განვითარება, ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წახალისება, საერთაშორისო თანამშრომლობისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობაა.