17 ივნისს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ჟურნალის - ,,თანამედროვე სამართლის მიმოხილვა“ პრეზენტაცია გაიმართა .
პრეზენტაციას ესწრებოდნენ იურიდიული სფეროს წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, მოქმედი პრაქტიკოსი იურისტები და სტუდენტები.
პრეზენტაციაზე სიტყვა წარმოთქვეს სარედაქციო კოლეგიის წევრებმა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ ძლიერიშვილმა და ასისტენტ-პროფესორმა დიმიტრი გეგენავამ.
ჟურნალის გამოცემა მიულოცა და ჟურნალის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი ბურდულმა, რომელმაც ასევე ხაზი გაუსვა თანამედროვე იურიდიული განათლების განვითარების მნიშვნელობას და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან მომავალში ერთობლივი პროექტების განხორცილებისა და თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა დავით ჩერქეზიშვილმა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანს ბატონ ირაკლი ბურდულს და მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის, კეთილი სურვილებისათვის და დაადასტურა, რომ შესაძლოა უახლოეს მომავალშივე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებს შორის განხორციელდეს რამოდენიმე ძალიან მაღალი მნიშვნელობის ერთობლივი პროექტი და გამოთქვა მადლიერება, რომ ეს იქნება პირველი პროექტი მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა მოიპოვა უნივერსიტეტის სტატუსი და შესაბამისად სადოქტორო პროგრამებზე სწავლების განხორციელების უფლება.
ბატონმა რექტორმა მადლობა გადაუხადა სარედაქციო კოლეგიას გაწეული მუშაობისათვის, მოწვეულ სტუმრებს მობრძანებისათვის, კეთილი სურვილებისათვის და მომავალი წარმატებები უსურვა.