„საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკოსების“ ინიციატივით „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში“ გაეროს ახალგაზრდული მოდელირების პროექტი გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობას სკოლის მოსწავლეები, აღმოსავლეთ ევროპისა და სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები იღებენ. გაეროს მოდელირების საერთაშორისო პროექტებში ახალგაზრდა ლიდერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად არიან ჩართულნი, რაც მათ საშუალებას აძლევს გაიუმჯობესონ მოლაპარაკებისა და საჯარო გამოსვლების უნარები, გაიღრმავონ ლიდერული თვისებები, ახლოს გაიცნონ გაეროს მუშაობის პრინციპები და მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება. პროექტის გახსნის ცერემონიალში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში მარიამ სიხარულიძე მონაწილეობდა. მოდელირების დასასრულს თითოეული კომიტეტი გენერალურ ასამბლეაზე სარეზოლუციო პროექტს წარადგენს, რომელიც განსახილველად გაეროს წარმომადგენლობას საქართველოში გადაეგზავნება. პროექტის პრეზენტაციას „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის“ პრორექტორი თეა იმედაძე დაესწრო, რომელმაც მოწვეულ სტუმრებს უნივერსიტეტისა და სასწავლო პროგრამების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა. გაეროს მოდელირების პროექტი სამი დღე გაგრძელდება.